მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა
ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.
პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების
პრევენციის გამო, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში სპეციალური წესები მოქმედებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე ხდება, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება მინიმუმ ორი მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი.
ბუნებრივი განიავებისას კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია, თუმცა ჩართული კონდიციონერის პირობებში პირბადე სავალდებულოა და აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა. აუცილებელია შენარჩუნებული იყოს: ფიზიკური დისტანცია; ხელების ჰიგიენის დაცვის წესი; რესპირატორული ეტიკეტი; ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი; კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე; აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია; დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რე-ცირკულაცია. ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს
დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.