მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას.
„ასევე, დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ სხვა მექანიზმებზეც ისაუბრეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.
მიხეილ ჩხენკელმა კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც გულისხმობს ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას. ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის მათთვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.
„დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინ ამრულაევმა მოაწერეს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანული დელეგაციის წარმომადგენლები.