მიხეილ ჩხენკელი - ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ ხელისუფლების შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი
ყველა მედიასაშუალება არის აბსოლუტურად თავისუფალი, რაც ასევე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ ჩვენთან მედია არის სრულიად თავისუფალი და პრემიერმა არგუმენტიც მოიყვანა. იმავე არგუმენტს გავიმეორებ ახლა, რომ ნებისმიერს შეუძლია, ძალიან მოკლე ხანში დააარსოს თავისი მედიასაშუალება. ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან მედიასაშუალებებზე არ არის. ყველა მედიასაშუალება არის აბსოლუტურად თავისუფალი, რაც ასევე გაგრძელდება და ასეც არის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, რომ მის დამფინანსებელ ბიზნესზე ხდება დარტყმები, რაც ავტომატურად აისახება ტელეკომპანიაზეც, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ არავითარი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან მედიის მუშაობაში არ ხდება.
„არცერთი კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო არ ერევა, შესაბამისად ყველა მედიასაშუალება არის თავისუფალი საქართველოში. აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ პრემიერის განცხადებას, რომ ზოგადად ხელისუფლების შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი, არანაირი შანტაჟი არასოდეს არ უნდა არსებობდეს, ეს არის ცალსახა“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ბოლოდროინდელ ინფორმაციას, რომელიც მედიასაშუალებებს ეხება.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“.