მიხეილ ჩხენკელი - ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები აშკარად გასამკაცრებელია
ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები აშკარად გასამკაცრებელია, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც გომბორზე მომხდარი ავარიისას დაშავებულები მოინახულა.
მისი თქმით, აღნიშნული ექსკურსია მშობლების მიერ იყო ორგანიზებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები. მოსაგვარებელია ესკორტის საკითხები და სპეციალური ნებართვა მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას. როგორც კი დავბრუნდები, შევხვდები შს მინისტრს, გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მინისტრმა ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მოინახულა დაშავებულები, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
დღეს გომბორის უღელტეხილზე, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასელები ავარიაში მოხვდნენ. შედეგად, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 23 ადამიანი. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.