მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა
მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახლად დანიშნულ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს თანამდებობა გადააბარა. მიხეილ ჩხენკელი მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

ჩხენკელი სამინისტროში თანამშრომლებს გაეცნო. მან პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიას, რის გაკეთებას აპირებს განათლების სისტემაში, უახლოეს მომავალში წარუდგენს მთავრობას და საზოგადოებას.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს დიდი ნდობისთვის. მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს. გამოწვევები ძალიან ბევრია. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი. განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება იქნება სამინისტროს მთავარი საკითხი. კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ძალიან კარგი თაობა მოდის და ამ თაობას უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს ჩვენი საზრუნავი იქნება. ეს არის ფუნდამენტური საკითხი და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის შესახებ მალე შეიტყობთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.