მიხეილ ჩხენკელი - მოზარდთა უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული მათი როლი ბულინგის აღმოსაფხვრელად
ბულინგის აღმოსაფხვრელად საზოგადოებისა და ოჯახის ჩართულობა, განსაკუთრებით უწყვეტი კომუნიკაცია მშობლებთან, პროცესის აუცილებელი კომპონენტია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, მიხელ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, სკოლასა და მშობელს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს გაუჩენს ვალდებულებას, შეატყობინონ ერთმანეთს ძალადობის რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ერთობლივად მართონ პროცესები.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროგრამა „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, რომლის ფარგლებში 70 000-ზე მეტი მოსწავლის მოსაზრება მოვისმინეთ. მოზარდთა უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული მათი როლი ბულინგის აღმოსაფხვრელად და აგრესიის დონის დასაწევად. ჩვენ უკვე ავსახეთ მათი პოზიციები ჩვენს სტრატეგიაში. ამ უაღრესად სასარგებლო შეხვედრებს კვლავ გავაგრძელებთ. ბულინგის დასაძლევად, ასევე მნიშნველოვანია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების გაზრდა, თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება. ჩვენი ბავშვების მთელი ენერგია უნდა იხარჯებოდეს სწავლაში, შემოქმედებით აქტივობებში და სპორტში”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დიდი ყურადღება ეთმობა სკოლებში მოზარდთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„გაორმაგდა ბიუჯეტი სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა მხარდასაჭერად. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში პირველ ეტაპზე ჩართული იყო 300 000-ზე მეტი მოსწავლე”, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.