მიხეილ ჩიკვილაძე - საფუძველშივე ვფიქრობდი, რომ ჰონორარის ნაწილის სამეურვეო საბჭოს წევრებზე გადანაწილება მცდარი იყო
მიხეილ ჩიკვილაძე - საფუძველშივე ვფიქრობდი, რომ ჰონორარის ნაწილის სამეურვეო საბჭოს წევრებზე გადანაწილება მცდარი იყო

საფუძველშივე ვფიქრობდი, რომ ჰონორარის ნაწილის სამეურვეო საბჭოს წევრებზე გადანაწილება მცდარი იყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, მიხეილ ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, საბჭოს შესთავაზა ალტერნატიული გზა, რომ თანხები მენეჯმენტის ბიუჯეტში მიმართულიყო.

ჩიკვილაძის თქმით, საჰონორარო თანხას ტელევიზიის ბიუჯეტში დატოვებს.

„ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არაერთგავროვან რეაქციას გამოიწვევდა. მე საფუძველშივე ვფიქრობდი, რომ მცდარი იყო. ამიტომ შევთავაზე ალტერანტიული გზა, თანხები მიმართულიყო მენეჯმენტის ბიუჯეტში და მარტივად გადაწყდებოდა ეს პრობლემა. ყველაფერი ფინანსურ განყოფილებასთან ერთად უნდა მოგვეწესრიგებინა, რომ გვენახა, რა ალტერნატივა არსებობდა. ახლა სამეურვეო საბჭოს წევრებმა სხვა გზა აირჩიეს და გადაწყვეტილებაც მიღებულია.

მე როგორც ვფიქრობდი, ისე გავაკეთებ და ამ თანხას მთლიანად ტელევიზიის ბიუჯეტში დავტოვებ. რაც შეეხება სიებს, ჯერ დაზუსტებული სიები არ არის, ალბათ გამოჩნდება, ვის დაეხმარებიან, რომელ ფონდში წავა თანხა“,- განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.