მიხეილ ბენიძე - პიროვნული შეტევები სრულიად მიუღებელია და არ ვაპირებთ, ირაკლი კობახიძეს ამაში ავყვეთ
პიროვნული შეტევები სრულიად მიუღებელია და ჩვენ არ ვაპირებთ, ირაკლი კობახიძეს ამაში ავყვეთ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მიხეილ ბენიძემ განაცხადა, თავდასხმის მიზანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობას ხელი შეუშალონ და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფონ.
„ასეთ რამეში პარლამენტის თავმჯდომარეს საერთოდ არ უნდა ავყვეთ. ამ თავდასხმების მიზანია, რომ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას ხელი შეუშალონ, მუდმივად სტრესის რეჟიმში გვამყოფონ, ნაცვლად იმისა, რომ სრულფასოვანი წინასაარჩევნო მონიტორინგი განვახორციელოთ, მუდმივად მათი განცხადებების პასუხზე გადავიდეთ. ამის მიზანი ეს არის. პიროვნული შეტევები სრულიად მიუღებელია და ჩვენ არ ვაპირებთ ირაკლი კობახიძეს ამაში ავყვეთ”, – განაცხადა ბენიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფრო მეტი საქმე უნდა ჰქონდეს და უფრო მეტი საზრუნავი იმ პერიოდში, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად იტაცებენ.
„ძალიან ბევრი პრობლემაა. მათი ტაქტიკა დღეს არის ის, რომ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბურთი თუ ლოდი სხვის ბოსტანში გადმოაგორონ. ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მე პირადად ამ როლში 2016 წლიდან ვარ და ამ ხელისუფლების პირობებში ორი არჩევნები უკვე ჩავიარეთ. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ გასული ორი არჩევნების განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ორგანიზებული შეტევა ნამდვილად არ იგრძნობოდა. წელს ჩვენ ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ. რაც კიდევ უფრო გასაკვირია, რადგან არჩევნებზე ხელისუფლებას ოფიციალურად საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს. ამიტომ მათთვის წესით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი 2016 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო. ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი მხრიდან რას უკავშირდება სწორედ წელს ასეთი განსაკუთრებული შემოტევა”, – განაცხადა ბენიძემ.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.
ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.
„მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.