მიხეილ ბენიძე - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ინფორმირებული იყო ყველა იმ პრობლემაზე, რაც საქართველოში არსებობს
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო საკმაოდ ინფორმირებული ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაში არსებობს და ისინი ძალიან დიდი ინტერესით უსმენდნენ ჩვენს მოსაზრებებს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხს.
„მათ დასვეს შეკითხვები განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, დაინტერესდნენ ამ მიმართულებით გარემოს გამოწვევებით, მათ შორის გვქონდა საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე, თუ რა რისკებს შეიცავს და ა.შ. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში და თვალყურს მიადევნებენ ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების განვითარებას 2020 წლის არჩევნებამდე და ალბათ შემდეგაც.
ძალიან მნიშვნელოვანი არის, ცხადია, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ასე აქტიურად არიან ჩართულები, დაინტერესებული ქვეყნის საკითხების განხილვით. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი დეზინფორმაციაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, სხვადასხვა გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით და ცხადია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად იყო დაინტერესებული ამ საკითხებით“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.