მიხეილ ბატიაშვილი - ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება ცდილობს, ია კერზაიას ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს
ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება ცდილობს, ია კერზაიას ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და მწუხარება გამოთქვა სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო.
„ამასთან, ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება ცდილობს ამ ქალბატონის სახელი, მისი ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს. ასეთი შესაძლებლობა მაშინ ჩნდება, როდესაც საზოგადოება სრულ და სწორ ინფორმაციას არ ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა უწყებამ სხვადასხვა გზით არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართული დეზინფორმაციის ხმაურში სამწუხაროდ სიმართლე, როგორც ჩანს, საკმარისად ხმამაღლა არ ისმის. დღეს ჩემი მიზანია, სრულად და საზოგადოების თითოეული წევრის გასაგებად გაჩვენოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. მანამდე, სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა. პლენარული სესიის შემდეგ, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე მინისტრის მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.