მიხეილ ბატიაშვილი - ვალდებული ვართ, IBSU-სთან დაკავშირებით პროცედურები დავიცვათ
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მიერ ფინანსური დავალიანების გადახდა მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს პროცედურა, რომელიც უნდა იყოს დაცული.
„ამის შესახებ ხარისხის სამსახურიდან გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს პროცედურა. ჩვენ ვალდებული ვართ, სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე დავიცვათ ის პროცედურები, რომელიც არსებობს.
ავტორიზაციის საბჭო არის დამოუკიდებელი, ექსპერტებისგან შექმნილი საბჭო, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის სააპელაციო კომისია, სადაც უნივერსიტეტმა უნდა წარადგინოს თავისი მასალები, შემდეგ გაიმართოს ავტორიზაციის საბჭოს სხდომა. ეს არის კანონით განსაზღვრული. პირველ რიგში, უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს და ამაში ჩვენც ჩავერთვებით“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ერთი წლით სტუდენტების მიღება აეკრძალა, რასაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აპროტესტებს.