საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ერევანში სომხეთის განათლების მინისტრ არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა.
მიხეილ ბატიაშვილმა და არაიკ ჰარუთიუნიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
მიხეილ ბატიაშვილმა არაიკ ჰარუთიუნიანი ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო დროს გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო, რომლებიც სკოლებში ახალი პედაგოგების შესვლას, პედაგოგთა ხელფასების გაზრდასა და სისტემიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების ღირსეულ გასვლას უკავშირდება.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა უმაღლესი განათლების კუთხით მიღწეულ შედეგებზეც, რაც ქართულ განათლების სისტემას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის განათლების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.