მიხეილ ბატიაშვილი - ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას
საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 150-ე საჯარო სკოლაში განაცხადა, საიდანაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მინისტრის განცხადებით, 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში ახალი საპილოტე საგაკვეთილო პროცესი დაიწყება.
„პირველ რიგში, მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მინდა, წარმატებები ვუსურვო. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები. ვფიქრობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში. დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ მეტი ანალიზის, მსჯელობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება. ეს ყველაფერი ამას მოემსახურება. საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას. პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და დაწყებითი კლასებიდან მაღალ კლასებში გავრცელდება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 1-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სრულიად განახლებულ წიგნებს მიიღებენ.
„შეტანილია ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რაც წონას ეხება. ყოველთვის პრობლემა იყო ბავშვებისთვის ამხელა წონის ჩანთის ტარება. ორჯერ და მეტჯერ არის წონა შემცირებული“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში 50 232 პირველკლასელია დარეგისტრირებული, ხოლო კერძო სჯოლებში – 5 892.
მათივე ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლს ხუთ კერძო და ოთხ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა ერთი კვირით გადაიდო.