მიხეილ ბატიაშვილი - სახელმძღვანელოების გრიფირების მიმართულებით ხარვეზებია
განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელოების გრიფირების მიმართულებით არის ხარვეზები.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გრიფირების პროცესის შესწავლაში უკვე ჩართულია აუდიტის სამსახური.
„გამომცემლებთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავ, რომ უახლოეს მომავალში მათ შევხვდე. ვფიქრობთ, სექტემბრის დასაწყისში გვექნება დასკვნა, სადაც ვისაუბრებთ იმ ხარვეზებზე, რაც არსებობს. ველოდებით აუდიტის დასკვნას. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა ხდებოდეს სახელმძღვანელოების ასე ბოლო ეტაპზე და ასეთი სწრაფი ტემპით ბეჭდვა. თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მოსწავლეები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მიიღებენ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს და ვიზრუნებთ, რომ გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დროულად იყოს შეტანილი ყველა სკოლაში. ბევრი კითხვებია, ვხვდებით გამომცემლებს, ყველა მხარესთან ვთანამშრომლობთ და საბოლოოდ, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თუ რამე გადაწყვეტილება იქნება საჭირო, მზად ვართ ყველა გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, ადმინისტრაციულ დონეზე”, – განაცხადა ბატიაშვილმა.