მიხეილ ბატიაშვილი - რეგიონსა და დედაქალაქს შორის უნარების შეფასებებში 8-9 ქულიანი სხვაობაა, რადგან რეგიონებში ვერ ემზადებიან
უნარების გამოცდების შემოღებას კეთილშობილური მიზანი ჰქონდა, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, თუმცა ეს ამოცანა ვერ შესრულდა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, უნარების გამოცდების შედეგების შეფასებისას რეგიონებსა და დედაქალაქს შორის 8-9 ქულიანი სხვაობაა, რადგან რეგიონებში ვერ ემზადებიან.
„რეგიონსა და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, რადგან ისინი ვერ ემზადებიან. უნარების გამოცდების შემოღებას თავდაპირველად კეთილშობილური მიზანი ჰქონდა, კერძოდ, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. რეალურად, სტატისტიკური მონაცემებით, უნარები გადაიქცა ცალკე სფეროდ – კონსულტანტებით, ლიტერატურით. ამოცანა, რაც გვქონდა, რომ აღმოგვეფხვრა სოციალური უთანასწორობა, ვერ შესრულდა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმა უნივერსიტეტების ავტონომიის გაზრდაზე არის მიმართული.
„უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ნებისმიერი საგანი მოითხოვონ მისაღებ გამოცდებზე, რომლის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და უნივერსიტეტების ჩართულობით მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომელ საგნებს მიანიჭოს უპირატესობა მისაღებ გამოცდებზე.