მიხეილ ბატიაშვილი - ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა საპენსიო ასაკის 6 ათასამდე პედაგოგმა გადაწყვიტა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ეხება როგორც საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, ასევე პირობების გაუმჯობესებას, მართლაც ისტორიული მნიშვნელობის არის. ეს გვაძლევს საფუძველს, საქართველო ვიხილოთ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა განათლების კუთხით, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მასწავლებლებზეა დამოკიდებული ის ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც მომავალში ქვეყანაში განხორციელდება.
„განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ეს არის სკოლა. ყველა სკოლა რეალურად იწყება მასწავლებლით. ჩვენს მასწავლებლებზეა რეალურად დამოკიდებული ის ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც განხორციელდება. განათლების სფეროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ეხება როგორც საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, ასევე პირობების გაუმჯობესებას, არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის. ეს კარგ საფუძველს გვაძლევს, რათა რეალურად ვიხილოთ საქართველო როგორც ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა განათლების კუთხით. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, ეს არის საპენსიო ასაკისთვის განკუთვნილი ეროვნული ჯილდო, ორი წლის ანაზღაურება. ის პედაგოგები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ამდენი წლის შრომის შემდეგ დამსახურებულად და რაც მთავარია, ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა, სახელმწიფო უზრუნველყოფს, ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მასწავლებლებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).
„ძალიან მოხარული ვართ, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 000-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა, რომელმაც საკუთარი სურვილით გააკეთა განაცხადი სისტემიდან გასვლაზე და რეალურად, ეს ის ციფრია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დამატებით ეტაპებზე ვიზრუნოთ ახალ კადრებზეც.
ეს იყო პირველი ეტაპი, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მოგვმართავს კიდევ ბევრი პედაგოგი, რომელსაც პერიოდულად სურს, ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ჩაერთოს ამ პროცესში. ყველანაირად დავეხმარებით მათ. მეორე ეტაპი გამოცხადდება შემოდგომაზე. ნებისმიერ პედაგოგს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს ეს დამსახურებული ჯილდო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.