მიხეილ ბატიაშვილი - მეცნიერების განვითარება განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წამომადგენლების მონაწილეობით, თბილისში სამეცნიერო ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმი სახელწოდებით – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში” მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე სამეცნიერო სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, განათლების რეფორმის გამოწვევებზე იმსჯელებენ.
„განათლების რეფორმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უჭირავს მეცნიერების განვითარებას. დღეს იმართება პირველი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი მეცნიერები, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე. ასევე, გვყავს პროფესორები ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან. დღეს დაიწყება მუშაობა სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავებაზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე. რეფორმების ფარგლებში ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ უნდა დაიგეგმოს ნაბიჯები, რომელიც გრძელვადიანად მეცნიერების განვითარებას მოგვიტანს. ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა დღეს დაიწყება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მისი თქმით, მაისში დაგეგმილია მეორე ფორუმი, რომელზეც გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდება.
„რეფორმების ფარგლებში უკვე გვექნება ერთობლივად შეთანხმებული და დაგეგმილი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას საქართველოში შემდეგ წლებში მეცნიერების განვითარებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების რეფორმას ახორციელებს, რომელიც სკოლამდელ, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით კომპლექსურ მიდგომებს ითვალისწინებს.