მიხეილ ბატიაშვილი - ლადო აფხაზავა გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო
ლადო აფხაზავა გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ქართველს.
რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.
2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა.
დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.