მიხეილ ბატიაშვილი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის პროექტს განახორციელებს
მიხეილ ბატიაშვილი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის პროექტს განახორციელებს

განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი რეგიონში პირველ, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის მასშტაბურ პროექტს საერთაშორისო კომპანიებთან – HP და Microsoft-თან პარტნიორობით განახორციელებს. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (BTU) საქართველოს პირველ არხს აცნობეს, სწორედ მათ ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას აღნიშნული უნივერსიტეტი. მიხეილ ბატიაშვილი ორივე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტებს დაიკავებს.

„ეს იქნება რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს, ადგილი ექნება ინოვაციების გენერირებას, კვლევას, სწავლებას და განვითარებას. უნივერსიტეტი BTU-ს სივრცეში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, ერთიანი სამუშაო სივრცეებით, კვლევითი ცენტრით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, სასწავლო აუდიტორიებით და აქტივობების განსახორციელებლად სხვადასხვა საჭირო რესურსით იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის მიერ გაცხადებული გეგმები ასევე მოიცავს​ HP-ის მძლავრი, მაღალი წარმადობის ტექნოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედებას, Microsoft-ის მიერ, სასწავლო და კვლევითი პროექტების უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებას. მათ შორისაა, AI Business School, AI Academy და სხვა; ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო კონფერენციების, სამიტების და ვორკშოპების მოწყობას; საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნის მოწინავე ინდუსტრიებში ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების ინტეგრირების ანალიზს, პერსპექტივების პროგნოზირებას და სხვა, ასევე ახალი სტარტაპების აქსელერაციასა და ინკუბაციას, საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების ხელშეწყობას.

BTU-ს ინფორმაციით, მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის, MBZUAI-ს ინიციატივა 2019 წლის ოქტომბერში აბუ დაბიში გამოითქვა და ის ფუნციონირებას 2020 წლის სექტემბერში დაიწყებს. BTU AI იქნება რეგიონის პირველი უნივერსიტეტი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სწავლების, კვლევების და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2022 წლისთვის ოთხ ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მისი შესაძლებლობები გამოყენებული იქნება მსხვილი ინდუსტრიების მიერ წარმოების, ჯანდაცვის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების და სხვა სექტორების ეფექტიანობის გასაზრდელად.

„ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა მსოფლიოში. კადრებზე მზარდმა მოთხოვნამ გააჩინა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროება, რომელსაც BTU AI სრულად დააკმაყოფილებს“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.