მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ დაველოდებით გამოძიებისა და კომისიის მუშაობის დასრულებას, სამინისტრო ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას
დაველოდებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნებს და ამის შემდეგ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიასთან სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და აწვდის მათ მხრიდან მოთხოვნილ ყველა მასალას.
„რაც შეეხება 51-ე სკოლის დირექტორს, მანანა თურქაძეს, ეს თავისთავად უკვე დამოკიდებულია გარკვეულ დასკვნებზე ან თვითონ ადამიანის გადაწყვეტილებაზე. ამიტომ ჩვენ დაველოდებით პირველ რიგში გამოძიებისა და კომისიის მუშაობის დასრულებას. სამინისტრო ამის მიხედვით მიიღებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებას. გამოძიების პირველი დღიდან, როგორც საგამოძიებო ორგანოებთან, ასევე კომისიასთან სამინისტრო აქტიურად მუშაობს, აწვდის მათი მხრიდან მოთხოვნილ შესაბამის მასალებს ოპერატიულად, ამიტომ დაველოდებით დასკვნებს და ამის შემდეგ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ძალიან მნიშვნელოვანი კადრია განათლების სისტემისთვის.
„მას რამდენჯერმე სურდა ამის გაკეთება, რადგან გრძნობდა მორალურ პასუხიმგებლობას ამ სამწუხარო მოვლენებთან დაკავშირებით და თავისთავად, მისი სურვილი იყო განცხადების დაწერა. იმდენად კვალიფიციური კადრია, მოხარული ვარ, რომ მასწავლებლის სახლში ჩვენთან გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხდა მიხეილ ბატიაშვილმა.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.