მიხეილ ბატიაშვილი - კიდევ უფრო გაფართოვდება გერმანიასთან თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო გაფართოვდება გერმანიასთან თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად დაეხმარება ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, როგორც ევროკავშირის, ისე კონკრეტულად ევროკავშირის მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა განათლების და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობას. ის გაცვლითი პროექტები, რომელიც უნივერსიტეტებს შორის არსებობს, ასევე, მნიშვნელოვნად გააქტიურდება მუშაობა პროფესიული პროგრამების განვითარების კუთხით, რაშიც გერმანიას მსოფლიო გამოცდილება გააჩნია.
საქართველო ოქტომბერში არის ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი და ეს არის კიდევ ერთი საუკეთესო საშუალება გერმანიასა და მთელ ევროპაში ვაჩვენოთ ჩვენი კულტურა. ვფიქრობ, ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო გაფართოვდება ის თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, როგორც განათლების, ისევე კულტურისა და სპორტის მიმართულებას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.