მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სკოლებში, სადაც სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სკოლებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დასრულდება, რის გამოც მოსწავლეები სხვა სკოლებში არ გადანაწილდებიან.
„გადანაწილება მოსწავლეებს არ დასჭირდებათ. მოგეხსენებათ, 700-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ამხელა მასშტაბით სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არასდროს ყოფილა, თუმცა დარჩა 19-მდე სკოლა, სადაც სულ რამდენიმე დღეა საჭირო სამუშაოების დასასრულებლად. მაქსიმუმ ორი კვირის ფარგლებში ამ სკოლებში აღდგება სწავლა და გაცდენილი საათები ანაზღაურდება შაბათ დღეს. ყველაზე მთავარი არის, რომ წელს განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 13 სექტემბერს იმ სკოლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება. სია და ცალკეულ სკოლებში სწავლის დაწყების თარიღები მოცემულია განათლების მინისტრის ბრძანებაში. სულ სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწია თბილისისა და რეგიონების 19 სკოლაში.