მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ რეგიონებში სასკოლო ავტობუსების პრობლემა მალე მოგვარდება
აქტიურად ვართ ჩართულები, რომ რეგიონებში სასკოლო ტრანსპორტის პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრობლემა მალე გადაიჭრება და სკოლებში ბავშვების მიყვანა დაუბრკოლებლად მოხდება.
„მთავარი ის არის, რომ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ტრანსპორტირების პრობლემა რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველანი აქტიურად ვართ ჩართულები. ორიენტირებულები ვართ არა პრობლემების წამოჭრით, არამედ პირველ რიგში, პრობლემის გადაჭრით. სკოლებში ბავშვების მიყვანა რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოხდება”,-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ტენდერის ჩაშლა გარკვეულ რეგულაციებს უკავშირდებოდა.
„არის რეგულაციები, რომელიც კანონის მოთხოვნაა, თუმცა ისიც გვესმის, რომ კანონის მოთხოვნა ერთია, მაგრამ მეორეა, რომ აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება, სწრაფად გადავჭრათ. გამოსავალი სწრაფად უნდა მოვძებნოთ, რომ ტრანსპორტით ბავშვების დროულად უზრუნველყოფა მოხდეს”,-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ რეგიონებში ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ 29 აგვისტოს მიღებული დადგენილების მიხედვით, რაიონებს ჩამოერთვათ სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი კი, არ შედგა. უგულავა მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი და გაუქმდეს ბახტაძის მიერ აგვისტოში მიღებული დადგენილება.