მიხეილ ავაქიანი - იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურაზე ომბუდსმენის აპარატთან არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ საბჭოებში სრული ერთსულოვნება იყო
სახალხო დამცველისთვის მისასალმებელი იყო ფაქტი, რომ ბელა ოსიპოვას კანდიდატურა მათი ინსტიტუტიდან იქნებოდა, – ამის შესახებ სომხური სათვისტომოს წარმომადგენელმა, ასოციაციის „შენ“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ავაქიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მართალი გითხრათ, არ ვიცი, ომბუდსმენის მიერ ქალბატონი ბელას კანდიდატურის წარდგენა რატომ არ მოხდა“, – განაცხადა ავაქიანმა.
მისი თქმით, იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურის მიმართ ომბუდსმენის აპარატთან არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ საბჭოებში სრული ერთსულოვნება იყო.
„უკვე მრავალი წელია ვიცით ქალბატონი იზაბელას კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის, საქმიანობისა და ჩართულობის შესახებ. მას გამოცდილება ჰქონდა არამხოლოდ ეთნიკურ საკითხებზე, არამედ რეგიონების, ქალთა პრობლემებზე, თუ სხვა საკითხებზე მუშაობის. ასევე საინტერესო იყო ის, რომ ომბუდსმენის აპარატში საქმიანობამდე, ის ჟურნალისტი იყო“, – განაცხადა მიხეილ ავაქიანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მუდმივად რატომ ხდება იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურის იგნორირება, ხომ არ არის ის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან დაახლოებული ან მისი კანდიდატურის დასახელებით მხარდამჭერები ხომ არ გამოხატავენ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, მიხეილ ავაქიანმა აღნიშნა, რომ ოსიპოვას კანდიდატურა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა წარადგინეს და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, რაც მის აპოლიტიკურობაზე, ნეიტრალურობასა და მიუკერძოებლობაზე მეტყველებს.