მიხაილ როთი - არა მხოლოდ ეკონომიკური ელიტისთვის, არამედ ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც პატივისცემას გამოხატავენ უმცირესობების მიმართ
მიხაილ როთი - არა მხოლოდ ეკონომიკური ელიტისთვის, არამედ ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც პატივისცემას გამოხატავენ უმცირესობების მიმართ

არ არსებობს გამამართლებელი საბუთი, რომ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ დანაშაული ჩავიდინოთ, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, მიხაილ როთმა ბათუმის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე სესიაზე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარი შეკითხვის შესავალში აღნიშნა, რომ საქართველოს 30 წელია, არჩეული აქვს დასავლეთის გზა და იყო ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კაშირის დანგრევისას, რომელიც ითხოვდა დამოუკიდებლობას.

„ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ საბჭოთა კავშირი არ ითვალისწინებდა ქართულ ფუნდამენტურ ღირებულებებს. 1989 წლის 9 აპრილმა პროტესტი გააგრძელა. ახლა ვხედავთ მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი მტკივნეული საკითხის გარშემო. ქართული კულტურისთვის უცხოა პირადული ცხოვრების გამომზეურება. ჩვენ ვამბობთ, რომ ლგბტ ხალხის მიმართ არ არის აგრესია, სანამ ისინი არ იწყებენ საკუთარი პირადი ცხოვრების წესის დემონსტრირებას“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დაინტერესდა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსული რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და მსგავსი ღონისძიებები განხორციელდეს საქართველოს ქუჩებში.

მიხაილ როთის თქმით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ უნდა დაიყოს დასავლური და აღმოსავლური ინტერპრეტაციების მიხედვით.

„მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. მე რელიგიური ადამიანი ვარ, ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ და მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობა. ეს გაუგებრობები რუსეთის პოლიტიკოსებიდანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასოდეს უნდა დავყოთ აღმოსავლეთის ტრადიციული ინტერპრეტაციისა და დასავლური ინტერპრეტაციის მიხედვით. ანუ ფაქტობრივად, არა მხოლოდ ეკონომიკური ელიტისთვის, არამედ ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც პატივისცემას გამოხატავენ უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გამამართლებელი საბუთი, არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან და არც რომელიმე წრისგან, რომ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ დანაშაული ჩავიდინოთ“, – განაცხადა მიხაილ როთმა.