მიხაილ პოდოლიაკი - ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება კიევში, ინფორმაცია, თითქოს მან დედაქალაქი დატოვა, მორიგი ყალბი ამბავია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება კიევში და ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მან დედაქალაქი დატოვა, მორიგი ყალბი ამბავია, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„კიდევ ერთი სიყალბე. ყოველდღე, მორიგი „რუსული ნიუსმეიქერი“ ამბობს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევი დატოვა და ყოველ ჯერზე გიწევს თქვა, რომ „კატეგორიულად არა“, – განაცხადა პოდილიაკმა.
მისი თქმით, აღნიშნული ტყუილი ამჯერად „გაავრცელა სუბიექტმა, რომელიც რუსეთის პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებს“.
„ბატონმა ვოლოდინმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა თავი გამოეჩინა დიდ ინსაიდერ ექსპერტად, დაე, კიდევ ერთხელ მიამაგროს საკუთარ თავს დიდი მატყუარას შესაბამისი ნიშანი, მაგრამ ჩვენ უკრაინაში კვლავ ვიცავთ ჭეშმარიტი ინფორმაციის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი სამუშაო ადგილზე იმყოფება. ისევე, როგორც სხვა ბევრი, ვინც ხელისუფლებაში მუშაობს. ვფიქრობ, მართებული იქნება, რომ ბატონმა ვოლოდინმა საბოლოოდ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და აღარ იყოს გატაცებული მითებით, ზღაპრებითა და ანეკდოტებით. და მას შემდეგ, რაც ისწავლის ინფორმაციის გამოყენებას, შეწყვიტოს ხმამაღალი, მაგრამ აბსოლუტურად ყალბი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ზელენსკი კიევში იმყოფება და „მართავს სახელმწიფოსა და თავდაცვას, მუდმივ კავშირშია პარტნიორებთან და რეგულარულად აძლევს ჟურნალისტებს ინტერვიუებს პირდაპირ ეთერში“.