მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა რუსული ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებით საკონტრაქტო ვალდებულებებს სრულად შეასრულებს
უკრაინა ევროპაში რუსული ნავთობის ტრანზიტის ვალდებულებებს კონტრაქტების მოქმედების დასრულებამდე სრულად შეასრულებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, – წერს უკრაინული მედია.
„რაც შეეხება ნავთობსადენ „დრუჟბას“, აქ სიტუაცია ასეთია: ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიას მის მისწრაფებაში, მოახდინოს ნავთობის მიწოდების დივერსიფიცირება რეგიონის ზოგიერთი ქვეყნისთვის, რათა შეამციროს ან მთლიანად დაასრულოს რუსული ნავთობის მიწოდება. ამასთან, უკრაინა ასრულებდა და შეასრულებს თავის საკონტრაქტო ვალდებულებებს სრულად, ამ კონტრაქტების მოქმედების დასრულებამდე. ეს ეხება ევროპულ ქვეყნებთან ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მანამდე პოდოლიაკმა განაცხადა, რომ 2025 წლიდან უკრაინის ტერიტორიაზე ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება და მხოლოდ გაზის ტრანზიტი გაგრძელდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტრანზიტის საკონტრაქტო ვადა 2029 წლამდეა განსაზღვრული.