მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასია, ამან, შესაძლოა, გაყინოს კონფლიქტი გარკვეული დროით, თუმცა რუსეთი იმუშავებს თავის შეცდომებზე და განაახლებს საკუთარ არმიას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იქნება.
ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს.
პოდოლიაკის თქმით, შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ დროს მისცემს, გააძლიეროს არმია და დაიწყოს ახალი, ამ ომში პოტენციურად უფრო ძალადობრივი თავი.
„თუ გსურთ, ეშმაკთან გარიგების დადება, რომელიც შემდეგ ჯოჯოხეთში ჩაგითრევთ, მაშინ გააკეთეთ ეს. ასეთია რუსეთი“, – განაცხადა პოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივაზე კითხვის საპასუხოდ.
„თუ დღეს რუსეთთან, რომელიც არ დამარცხდება ომში და არ იქნება სამართლებრივად პასუხისმგებელი მასობრივ დანაშაულებზე, რამეზე მოაწერთ ხელს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამოიწერთ ბილეთს ამ ომის გაგრძელებაზე სხვა მასშტაბით, სხვა მოქმედი პირებით, მოკლული და ნაწამები ადამიანების განსხვავებული რაოდენობით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ გადაავადებს უფრო დიდი მასშტაბის ძალადობას.
„დიახ, ამან, შესაძლოა, გაყინოს კონფლიქტი გარკვეული დროით. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი იმუშავებს თავის შეცდომებზე და განაახლებს საკუთარ არმიას. აგრესორი ქვეყანა არ მოსულა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. ეს სისულელეა“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს აშშ-ის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზეც ჰკითხეს.
„განურჩევლად იმისა, ვინ იქნება თეთრი სახლის ხელმძღვანელი, მე ვერ ვხედავ სცენარს, სადაც შესაძლებელია უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა“, – განაცხადა მან.