კამალა ჰარისმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ დროა, შესრულდეს მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით მომზადდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს შეხვდა.
ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნეთანიაჰუსთან შეხვედრას „გულწრფელი და კონსტრუქციული“ უწოდა. ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი „ურყევი ვალდებულება“ ისრაელის უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მტკიცედ მოუწოდა ნეთანიაჰუს, აღმოფხვრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში.
„განვუცხადე ნეთანიაჰუს, ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელმა შეძლოს თავის დაცვა, მათ შორის ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებებისგან, როგორებიცაა „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“. ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. ასევე, გამოვთქვი სერიოზული შეშფოთება ღაზაში ადამიანთა ტანჯვასთან დაკავშირებით, მათ შორის ძალიან ბევრი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო. ნათლად გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
კამალა ჰარისმა ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზეც და აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული მშვიდობიანი გადაწყვეტა კონფლიქტის დასასრულებლად ერთადერთი გზაა.
„ჩვენი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, მაგიდაზე არის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. შეთანხმების პირველი ეტაპი განაპირობებს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, მათ შორის ისრაელის სამხედროების გაყვანას ღაზის ჰუმანიტარული ცენტრებიდან. მეორე ფაზაში ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორს მთლიანად დატოვებენ. ეს გამოიწვევს საომარი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტას. დროა, ეს ომი დასრულდეს. დასრულდეს ისე, რომ ისრაელი დაცული იყოს, ყველა მძევალი იყოს გათავისუფლებული, დასრულდეს ღაზაში პალესტინელების ტანჯვა და პალესტინელ ხალხს შეეძლოს, გამოიყენოს თავისუფლების, ღირსების და თვითგამორკვევის უფლება. არსებობს იმედის მომცემი წინსვლა, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება. როგორც ახლახან ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, დროა, ეს შეთანხმება შესრულდეს“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.