მიხაილ პოდოლიაკი - რომის პაპის პრორუსული პოზიციის გამო, უკრაინა გამორიცხავს მის შუამავლობას რუსეთთან მოლაპარაკებებში
უკრაინა გამორიცხავს, რომ პრორუსული პოზიციის გამო, რომის პაპმა რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„რომის პაპის პოზიცია, რა თქმა უნდა, სრულიად გაუცნობიერებელია, მაგრამ წმინდა საყდრის რეპუტაციაზე აისახება. ეს ნიშნავს შუამავლის მისიის გაუქმებას, რომელიც ვატიკანს შეეძლო, შეესრულებინა. აზრი არ აქვს შუამავალს, თუ ის პრორუსულ პოზიციას იკავებს, რომელიც ყველასთვის სრულიად აშკარაა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ თავიდან რაღაცნაირად აირია, ანუ ვითომ არ გვინახავს, მაგრამ დღეს ცხადია, რომ ადამიანი პრორუსულ პოზიციას იკავებს. შესაბამისად, ეს ძალიან უარყოფითად აისახება ომზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, „ვატიკანს არ შეიძლება, ჰქონდეს შუამავლის ფუნქცია, რადგან ეს იქნება ფუნქცია, რომელიც მოატყუებს უკრაინას ან სამართლიანობას“.
შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები – წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორის დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები“.
აღნიშნულ განცხადებას უკრაინის ხელისუფლებამ სამწუხარო უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პაპის განცხადება „იმპერიალისტურ პროპაგანდად“ შეაფასეს.
მოგვიანებით, ვატიკანმა განმარტება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფრანცისკეს არ ჰქონდა განზრახვად რუსული იმპერიალიზმის განდიდება. ვატიკანის ცნობით, რომის პაპი მიზანი იყო, მოეწოდებინა ახალგაზრდებისთვის, „შეინარჩუნონ და განავითარონ ყველაფერი ის, რაც პოზიტიურია დიდ რუსულ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში“.