მიხაილ პოდოლიაკი - ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და თავად რუსეთისთვის
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, რადგან რუსი დამპყრობლების მოქმედებების გამო სადგური ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა და ახლა არავის ესმის, რა ხდება იქ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან აღნიშნა.
„ზოგადად, ჩერნობილში ვითარება ძალიან საშიშია. ოკუპანტების მოქმედების გამო იქ სტაბილური ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვთ ობიექტებს, რომლებიც ელექტრომომარაგების გარეშე უბრალოდ არ უნდა დარჩნენ. ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, თავად რუსეთისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ დაკარგა კონტაქტი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემებთან, ამიტომ ახლა არავის ესმის, რა ხდება იქ.
პოდოლიაკის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიომ გაცილებით მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა უკრაინიდან ოკუპანტების განდევნა მოხდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა დაიწყეს ომი მეზობლების დასაპყრობად „შუა საუკუნეების ომების“ სულისკვეთებით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი ატომურ ბლოკებს ესვრიან, იბრძვიან ბირთვულ ობიექტებზე და აზიანებენ ელექტროენერგიის წყაროებს. პოდოლიაკის თქმით, ეს ობიექტები რუსების მხრიდან შანტაჟის ობიექტად შეიძლება იყოს გამოყენებული.