მიხაელ გალერი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დარჩნენ პარლამენტში, რათა ოპოზიციამ და მთავრობამ სასამართლო რეფორმის საკითხზე იმუშაონ კონსენსუსისა და დიალოგის მისაღწევად
მიხაელ გალერი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დარჩნენ პარლამენტში, რათა ოპოზიციამ და მთავრობამ სასამართლო რეფორმის საკითხზე იმუშაონ კონსენსუსისა და დიალოგის მისაღწევად

საქართველოში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად, თუმცა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის თანაბარი უფლებები არ იყო უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა მიხაელ გალერმა ბრიუსელში ბაზირებულ უკრაინულ ონლაინ-გამოცემა Promote Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხაელ გალერი საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

„ვიტყოდი, რომ ძირითადი დასკვნები ორგვაროვანია. ერთი ასპექტია ხმის მიცემის დღე და მისი ტექნიკური უზრუნველყოფა. ვფიქრობ, არჩევნების დღე ძირითადად, ზოგიერთი ინციდენტის გარდა, მშვიდი და წყნარი იყო. არჩევნების დღე ტექნიკურად გამართული იყო ისევე, როგორც საკანონმდებლო ჩარჩო. ასევე მისასალმებელია მოსახლეობის მაღალი აქტივობა. მეორე მხრივ, დასკვნა ის არის, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არ ყოფილა თანაბარი პირობები. ხელისუფლების მხარეს აშკარად უპირატესობა იყო, რაც დაეხმარა მმართველ პარტიას, ასევე მათი ფინანსური რესურსი ოპოზიციასთან შედარებით გაცილებით დიდი იყო. ეს იყო ძალიან უსამართლო სიტუაცია. მუდმივად იყო ცნობები ხმების მოსყიდვისა და კანდიდატების დაშინების შესახებ, რათა მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურები. ასეთი სიტუაცია მიუღებელია. ვფიქრობ ეს ჩვევა, ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. მრავალრიცხოვანი ცნობის თანახმად, ეს მოდიოდა მმართველი პარტიის მხრიდან და ადგილზე მყოფი მათი ხალხისგან“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.

შეკითხვაზე, გაზარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში, მიხაელ გალერი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლამ ორივე მხარის მობილიზება მოახდინა და ამომრჩეველთა აქტივობა გაზარდა.

„რა თქმა უნდა, ეს იყო სიურპრიზი, თუმცა ქუჩაში არ ყოფილა მასობრივი დემონსტრაციები. მან ასევე მოუწოდა ხალხს ქუჩაში გასვლის ნაცვლად, საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ. ვფიქრობ, ამან მოახდინა ორივე მხარის მობილიზება. ამან მოახდინა როგორც მისი მხარდამჭერების მობილიზება, ასევე იმ ადამიანების, ვინც მტკიცედ და სასტიკად ეწინააღმდეგება მას. შესაძლოა, არჩევნების წინ ბოლო წუთს მისმა საქართველოში ჩამოსვლამ ამომრჩეველთა აქტივობა ცოტა გაზარდა“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.

ინტერვიუში მიხეილ გალერი შარლ მიშელის შეთანხმებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 43-პროცენტიანი ბარიერის პირობა დოკუმენტის მხოლოდ ერთი ასპექტი იყო, ამიტომ 19 აპრილის შეთანხმება ძალაში რჩება.

„43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეთანხმების მხოლოდ ერთი ასპექტი იყო. იყო სხვა ასპექტებიც, რომლებისადმი მმართველი პარტია ვალდებული იყო ამ შეთანხმებამდეც, განსაკუთრებით ეს სასამართლო რეფორმას ეხება. სამწუხაროდ, არჩევნების წინ და შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მათ არ დაიცვეს შეთანხმებული პირობები, დანიშნეს მეტი მოსამართლე და არ შეასრულეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. ეს სამწუხაროა, თუმცა ახლა ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პირველ ყოვლისა, დარჩნენ პარლამენტში, რომ ოპოზიციამ და მთავრობამ იმუშაონ კონსენსუსისა და დიალოგის მისაღწევად სასამართლო რეფორმის საკითხზე. სასამართლო უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც არ არის სადავო, რომელიც არ მიიჩნევა მმართველი პარტიის ნაწილად, დამოუკიდებელი სასამართლო არის უპირატესობა ყველა მოქალაქისთვის და პოლიტიკური მხარისთვის. ვფიქრობ, მთავრობასა თუ ოპოზიციაში არავის სურს, როლის შეცვლის შემთხვევაში, მას ნებისმიერი ახალი მთავრობა თვითნებურად მოეპყროს. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვუყურებთ ამ კონფრონტაციას მსხვილ პარტიებს შორის და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში. საჭიროა, ამის დაძლევა და ამ დროისთვის 19 აპრილის შეთანხმება არსებითი შეთანხმებული პირობებით ძალაში რჩება“, – განაცხადა გალერმა.