მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტოს განცხადებით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტებს დაუფინანსებს. გრანტის ოდენობას კომისია, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, 6 000 ლარის ფარგლებში განსაზღვრავს.

„საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები, არსებული ჩამონათვალის გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

საშემოსავლო პროექტების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება:

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; ქ. გორი, სამების ქ.N1; ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა; ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106; ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის სხვა კომპონენტების ფარგლებში განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება:

სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა; დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება“, – აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე.