მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

დევნილთა სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

„ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპიც გამოცხადდება. 2022 წელს,  გრანტს, ჯამში, 200-მდე მიგრანტი მიიღებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, – ნათქვამია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება მისამართებზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; ქ. გორი, სამების ქ. N1; ქ. რუსთავი, კოსტავას  ქ. N20; ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა კი, შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].