მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო დიდი ბრიტანეთი სავიზო წესებს ამკაცრებს
დიდი ბრიტანეთი მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო სავიზო წესებს ამკაცრებს.
„ბიბისის“ ცნობით, ამიერიდან უცხოელი ასპირანტები, რომელთა სწავლა კვლევით სამუშაოსთან არ არის დაკავშირებული, დიდ ბრიტანეთში ოჯახის წევრებს ვეღარ ჩაიყვანენ.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში უცხოელი ასპირანტების ნათესავებზე დიდმა ბრიტანეთმა 136 ათასი ვიზა გასცა. ეს 2019 წელთან შედარებით ცხრაჯერ მეტია.
ამავე მონაცემებით, საერთო ჯამში, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კანონიერი საფუძვლით 700 ათასი ადამიანი ჩავიდა.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სავიზო წესების გამკაცრება მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ემსახურება.
ახალი წესების მიხედვით, უცხოელი ასპირანტების პარტნიორები და შვილები ვერ გააკეთებენ განაცხადს ისეთ ვიზებზე, რომელიც მათ დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლებას აძლევს. ეს შეზღუდვა მოიხსნება მას შემდეგ, რაც ასპირანტი სწავლას დაასრულებს.