მიგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი ეწვევა.
როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნენსი ფეზერი მიგრაციის შეთანხმების საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან, იოახიმ შტამპთან ერთად ჩამოვა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ.
„ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
საელჩოში აცხადებენ, რომ მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია.
გერმანიის საელჩოს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.