მიანმარში წყალდიდობასა და მეწყერს 220-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიეტნამში კი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 292-მდე გაიზარდა
მიანმარში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის გამო 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გაერო-ს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალდა ცხრა შტატი და რეგიონი, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქი ნეიპიდო, ჩრდილოეთით მდებარე მანდალაი, დასავლეთით მდებარე მაგვეი და სამხრეთით მდებარე ბაგო – რეგიონები, რომლებიც მიანმარის უდიდესი მდინარის, ირავადის გასწვრივ მდებარეობენ. ასევე დაზარალდა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შანის შტატი და სამხრეთით მდებარე მონის, კაიას და კაინის შტატები.
გაერო-ში აცახდებენ, რომ ეს წყალდიდობა მიანმარის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
წყალდიდობამ დაახლოებით 630 000 ადამიანი დააზარალა. გზების ჩაკეტვამ, ხიდების დაზიანებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა დახმარების მიწოდება. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა ქვეყნის ბევრ რეგიონზე, მათ შორის შანის შტატზე, რომელიც წყალდიდობის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.
ამასთან, ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 292-მდე გაიზარდა, 38 დაკარგულად მიიჩნევა. დაზიანდა 230 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.