დღეიდან მობილური ჯგუფი მგზავრებს თერმოსკრინინგს გოდერძის უღელტეხილზეც ჩაუტარებს.
ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთარში ჩაკეტილი იყო, უკვე გახსნილია. ყველა მგზავრი თერმოსკრინინგს დაექვემდებარება.
„გუშინ ვიყავით გოდერძის უღელტეხილზე და მობილური ჯგუფის საქმიანობას ადგილზე გავეცანით. ეს ზომები აუცილებელი იყო. ვინაიდან გახსნილია უღელტეხილი, მალე მგზავრთა ნაკადიც გაიზრდება, თუმცა, ბუნებრივია, ამ დროისთვის მოძრაობა ინტენსიური არ არის. დღეს ერთი მგზავრი უკვე შემოწმდა, მას არ აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები. შესაბამისად, მიეცა გზის გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
ზამთრობით გოდერძის უღელტეხილი დიდთოვლობის გამო იკეტება და ამ პერიოდში მთიან აჭარაში მოხვედრა მხოლოდ ბათუმის გავლით არის შესაძლებელი.