მღვდელმსახურები დღეს მცხეთას აკურთხებენ
მღვდელმსახურები დღეს მცხეთას აკურთხებენ

დღეს მცხეთა იკურთხება – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხარების დღესასწაული ასევე არის მცხეთის კურთხევის დღეც, რომელიც სამი წელია, აღდგა. პატრიარქის თქმით, მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, წმიდა მელქისედეკ კათოლიკოსის ანდერძისამებრ, მონაწილეობა მიიღონ მცხეთის კურთხევაში.

„XI ს-ში წმიდა კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, „ხარებობას“ დადგინდა წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე.

დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი“, – ვკითხულობთ მატიანეში.

ხარების დღესასწაულზე, მე-4 ს-ში, წმ. ნინოსა და წმ. მირიან მეფის კურთხევით, მოიჭრა „ძუძუს წყაროზე“ აკაკის ხეც, რომლისგანაც შემდეგ სამი ჯვარი შეიქმნა და ამ ჯვრების აღმართვით მცხეთის ჯვრის ბორცვზე, თხოთის მთასა და უჯარმაში, „დაეცა ყოველი კერპი ქართლისაი“.

ასე რომ, ხარების დღესასწაული ჩვენთვის ასევე არის მცხეთის კურთხევის და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ერის მოქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

უკვე სამი წელია, აღდგა ტრადიცია და „ხარებობას“ ხდება მცხეთის კურთხევა მღვდელმთავრისა და სამღვდელოების მონაწილეობით.

წელსაც, შაბათს, წირვის შემდეგ, აღესრულება ეს საზეიმო მსვლელობა და მორმწუნეთ ექნებათ შესაძლებლობა, წმიდა მელქისედეკ კათოლიკოსის ანდერძისამებრ მიიღონ მონაწილეობა მცხეთის კურთხევაში“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.

მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული 2014 წელს მიენიჭა – პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ პირველის ანდერძი დაედო, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა. ანდერძში მელქისედეკ პირველი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.