მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე - გაბონის წყლებიდან მეზღვაურთა გამტაცებლები კავშირზე ჯერ არ გამოსულან, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს კონსული და საგარეო საქმეთა სამინისტრო
მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარის, ანატოლი ჩიჯავაძის განცხადებით, გაბონის ტერიტორიულ წყლებში მდგომი გემიდან გატაცებული მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამერიკული გემთმფლობელი კომპანია.
მისივე თქმით, ჯერ უცნობია, ვინ არიან გამტაცებლები.
„ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან გამტაცებლები, არც კავშირზე გამოსულან და არც რაიმე მოთხოვნები წამოუყენებიათ. გატაცებულია კაპიტანი, რუსეთის მოქალაქე და პირველი და მეორე თანაშემწე. მათგან ერთი ბათუმელია, მეორე – ქუთაისელი. პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული და საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ამერიკული გემთმფლობელი კომპანია. რაც შეეხება გემზე დარჩენილებს, ეკიპაჟის შემადგენლობა 14 კაცია, მათ რაიმე საფრთხე არ ემუქრებათ“, – განაცხადა ანატოლი ჩიჯავაძემ.
გაბონის ტერიტორიულ წყლებში მდგომი გემიდან სამი მეზღვაურის გატაცების შესახებ განცხადება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გუშინ გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, გატაცებულებიდან ორი საქართველოს მოქალაქეა.