იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა, კანონმდებლობის ძირითადი მოტივებია, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით.
„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.