მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებაში დღეიდან ახალი ელექტრონული პორტალი დაეხმარება
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის პორტალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
ახალი ვებპორტალი portal.businessombudsman.ge მეწარმეებს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება, რაც ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. პორტალის მეშვეობით მეწარმეები შეძლებენ ელექტრონული ფორმით დაუკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უფლებების დაცვის საკითხებზე. პორტალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) აფინანსებს.
პორტალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენი, საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწვლო პალატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.
როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ახალი პორტალი საშუალებას იძლევა გაკეთდეს ზუსტი ანალიზი, თუ რა რაოდენობის ინვესტიცია და სამუშაო ადგილები შენარჩუნდა ქვეყანაში ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შედეგად.
„ბიზნესომბუდსმენის პორტალი მეწარმეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს პრობლემების ჩვენამდე მოტანას, ჩვენ კი დაგვეხმარება ვიყოთ კიდევ მეტად ეფექტურები მათთან კომუნიკაციაში. ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით შევძლებთ, ვაწარმოოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ზუსტი სტატისტიკა, ჩვენი მუშაობის შედეგები კი მეტად გაზომვადი გახდება. ახალი პორტალი ასევე გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ ზუსტი ანალიზი, თუ რა რაოდენობის ინვესტიცია და სამუშაო ადგილები შენარჩუნდა ქვეყანაში ჩვენი საქმიანობის შედეგად. მინდა ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადავუხადო IFC-ს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონული მენეჯერის, იან ვან ბილსენის თქმით, ახალი პორტალი ხელს შუწყობს საქართველოში ბიზნესის წარმოების კიდევ უფრო გამარტივებას.
“კერძო კომპანიებში ინვესტირებისა და საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, წლების მანძილზე ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ბიზნესრეგულაციები უფრო ეფექტიანი და ინვესტორთა ინტერესებზე მორგებული იყოს. ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ჩვენი მხარდაჭერით შექმნილი ბიზნესომბუდსმენის პორტალის ამოქმედება. ვიმედოვნებთ, რომ ბევრ სხვა რეგულაციასთან ერთად, პორტალი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის წარმოების კიდევ უფრო გაადვილებას.”- განაცხადა იან ვან ბილსენმა.