მევლუთ ჩავუშოღლუ - ვიმედოვნებთ, შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე გაგრძელდება
თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი გაგრძელდება შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ წერს.
„შავ ზღვაზე უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის ფარგლებში, უკრაინის პირველი გემი გაემგზავრა. ჩვენ ვიმედოვნებთ, ეს პროცესი გაგრძელდება შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ამისთვის. ვიმედოვნებთ, შეთანხმება შედეგად გამოიღებს ცეცხლის შეწყვეტასა და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დატოვა. თურქეთში ვარაუდობენ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი თურქეთში 2 აგვისტოს ჩავა, საიდანაც ლიბანში გაემგზავრება. უკრაინული ხორბლის ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის 22 ივლისს გაფორმდა.