მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ ვეწინააღმდეგებით აშშ-ს და ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც სანქციებს აწესებს
თუ აშშ-ს სამომავლოდ რეპუტაციის შენარჩუნება სურს, პოლიტიკა უნდა შეცვალოს – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში, რუს კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დაშინების დრო უნდა დასრულდეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით აშშ-ს და ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც სანქციებს აწესებს“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანკარას არასდროს დაუჭერია მხარი რუსეთს წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის და არც ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიემხრობა.
ჩავუშოღლუ შეეხო დაკავებული ამერიკელი პასტორის საკითხსაც, რომელიც ვაშინგტონისა და ანაკარას ურთიერთობებში უთანხმოების ერთ-ერთი საფუძველია. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ის ელჩი პასტორ ენდრიუ ბრანსონს დღეს მოინახულებს.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის კონფლიქტსაც შეეხო. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და რუსეთი იდლიბის პროვინციაში ვითარების დარეგულირების გზებს გამოძებნიან.
იდლიბის პროვინციას თურქეთისგან მხარდაჭერილი ოპოზიცია აკონტროლებს. რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმია იდლიბში ოპერაციის დაწყებას გეგმავს.