მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ არ უგულებელვყოფთ მჭიდრო ურთიერთობას უკრაინასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფართო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სასაზღვრო კრიზისმა, ისევე, როგორც მოსკოვის დაძაბულმა ურთიერთობამ ნატო-სთან, საშიშ დონეს მიაღწია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ჩვენ არ უგულებელვყოფთ ჩვენს პრინციპებს და მჭიდრო ურთიერთობას უკრაინასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფართო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქი დიპლომატის თქმით, ანკარას დიპლომატია იმ არსებული გარემოებების მიხედვით ხორციელდება, რომელსაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს.
„რთული სამუშაოა, მაგრამ დიპლომატია სწორედ ამისთვისაა“, – დაამატა მან.
ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის ხელისუფლება იმგვარ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ემყარება ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, ადგილზე არსებულ რეალობას და შესაძლებლობებს.