ადვოკატის ინფორმაციით, მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მომხდარ ფაქტს ვერ იხსენებს
გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით, უკვე ესაუბრა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს და ის მომხდარ ფაქტს ვერ იხსენებს.
ადვოკატი ამბობს, რომ საჭიროა, დაინიშნოს ექსპერტიზა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ასევე, დაკავებული და მისი ადვოკატი შესაძლოა, დაეთანხმონ ბრალდების მხარის მოთხოვნას, თუ პროკურატურა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
„გაოგნებულია მომხდარით, ფაქტების აღდგენას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა. რომ უთხრეს, რისთვისაც დააკავეს, გაოგნებულია, აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. შესამოწმებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვითხოვთ, რომ ექსპერტიზა დაინიშნოს და შემოწმდეს ამ ადამიანის ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიული მდგომარეობა. უნდა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის ვალდებულება აქვს ბრალდების მხარეს და ამ ვალდებულებას შეასრულებს. აღკვეთ ღონისძიებას რაც შეეხება, ბრალდება მოითხოვს პატიმრობას და დიდი ალბათობით დავეთანხმებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ამ საქმეზე მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა.