მეუფე სტეფანე - მრევლთან მსიამოვნებს ურთიერთობა, გულანთებული ადამიანები არიან, იმედი მაქვს, დამთავრდება სკანდალი ჭყონდიდის ეპარქიაში და დაიწყება სულიერი ცხოვრება
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.
მისი თქმით, გუშინ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, არაეკლესიური წესით შეკრიბეს ხალხი და შეთქმულება მოაწყეს.
„არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას, რა მაქვს დასატოვებელი? იქ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესით შეკრიბა ხალხი, შეთქმულება მოაწყეს. მე ჩვეულებრივად მოვიწვიე სამღვდელოების კრება. არც მრევლი და არც მედია არ იყო მოსაყვანი, რადგან სასულიერო პირებს გვაქვს წესი, რომ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ. იქ ჰქონდათ კითხვები და მზად ვიყავი, ყველაფერზე მეპასუხა. ეს კრება ჯერ გაცნობითი ხასიათის იყო. მე ახალი დადგენილი ვარ ამ ეპარქიაში და ყველა სასულიერო პირის გაცნობა მინდოდა, მინდოდა იმ სხვადასხვა საკითხის განხილვა, რომელიც აინტერესებდა ზოგიერთს. თურმე ისინი კრებაზე კი არ მოსულან, მრევლს ამოეფარნენ. მრევლიც არ იყო, როგორც მე გავიგე, ქუთაისელები და კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყოფილან. ერთ-ერთი ძველი, საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა მიტინგს, რომელიც მოაწყეს, თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რამე უნდა გადაწყდეს. კრებაზე როცა პასუხის გაცემას ვაპირებდი დასმულ კითხვებზე, არ მაცალეს, დაიწყეს ყვირილი. როგორც ჩანს, ეს დაგეგმილი იყო. შემდეგ გარედან კარებს დაუწყეს ჯაჯგური. იქ შესვლა და დგომა არ შეიძლებოდა, ყველა არღვევდა კანონს. ძალიან კარგად იცით, რომ პრივატულ ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება და რაღაც ჯაჯგურის მოწყობა, ფაქტობრივად, გააფრთხილეს, მაგრამ ჩვენ არ გვყავს დაცვის პოლიცია. ორი-სამი ბიჭი იყო და სთხოვდნენ ხალხს, რომ არ შემოსულიყვნენ.
რაც იქ ხდებოდა, ყველამ კარგად ნახა, რომ ყვიროდნენ იმ სასულიერო პირების ნაშიერები, რამდენიმე კაცი სალაპარაკოდ კი არა, საჩხუბრად იყო მოსული. სპეცოპერაცია უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. იყო წივილი, კივილი, მაგრამ ჩვენ ვწირავთ, ვმარხულობთ, ჩვენს საქმეს ვასრულებთ. სასულიერო პირების უმრავლესობა ადგილზე ყველა სიხარულით არის განმსჭვალული, რომ ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ. მრევლთან მსიამოვნებს ურთიერთობა. გულანთებული ადამიანები ცხოვრობენ და იმედი მაქვს, დამთავრდება სკანდალი მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში და დაიწყება სულიერი ცხოვრება“, – განაცხადა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს გუშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა გახდა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.
ამასთან, გუშინვე მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტი იყო პროვოკაცია, რომლის უკან ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას.
ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.