მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტი იყო პროვოკაცია, რომლის უკან ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას
მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტი იყო პროვოკაცია, რომლის უკან ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა. მისი თქმით, უნდოდა, დაშავებული ჟურნალისტები მოენახულებინა, თუმცა იმ დროისთვის კლინიკაში მხოლოდ „პოსტივის“ ჟურნალისტი რჩებოდა, რომელიც მოგვიანებით თბილისში გადმოიყვანეს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა მარტვილში მომხდარ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ეს იყო გარკვეული ჯგუფის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.

„მე ერთი მოვინახულე, დანარჩენი გაეწერნენ. დღეს კრება მიმდინარეობდა ეპარქიაში და იქ შემოჭრა სცადეს. ჟურნალისტები აღმოჩნდნენ შემოჭრის შედეგად მსხვერპლი, რადგან კარები იღება გარეთ და როდესაც გარედან ეჯაჯგურებოდნენ, გაეღოთ და შიგნიდანაც მშფოთვარე ჯგუფის წარმომადგენლები კარს მიაწვნენ, რომ შემოეშვათ ისინი, ამ დროს კარები გაიღო და ამ ვითარებაში დაზიანდა ხალხი. ვთხოვეთ, იმ აივანზე არ ამოსულიყო არავინ, მაგრამ არავინ გვისმინა. ვფიქრობ, ძალიან დიდი დარღვევა არის, როცა ასე გექცევიან, იმ ადამიანების მიერ, როცა ასე შემოიჭრნენ, ასევე ჟურნალისტების მიერ. საეკლესიო კრებაა და გვაქვს უფლება, მედიის გარეშე ჩატარდეს, არავის დაუძახია ჟურნალისტებისთვის. ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია. ჩვენ მხოლოდ სასულიერო პირების შეკრებას ვგეგმავდით. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გადაღებული. ყველაფერი გამოჩნდება. შეკრებაზე ვაცადე ყველას, დაესვათ კითხვები და როცა მე უნდა მეპასუხა, იმ დროს არ გაჩერდა ორი პირი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სპეციალურად იყო დაგეგმილი. შიდა კადრები გასაჯაროვდება, რაც შეიძლება, გასაჯაროვდეს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, ეპარქიის ეზოში შეკრებილი ადამიანების უკან დგას ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და ეს ადამიანები მისი ორგანიზებით მოქმედებენ.

„იქ მრევლი არ იყო, იქ იყვნენ მეუფე პეტრეს მიერ ორგანიზებული ჯგუფები და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამოწმებენ. შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. ამ ხალხის მოყვანა ვიღაცას ხომ უნდა მოეხდინა. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა და როცა ეკლესიაზე თავდასხმას ახორციელებ, ამის გამო პრობლემები იქმნება. არასდროს ვღებულობ გადაწყვეტილებას ცხელ კვალზე. განვიხილავთ, ვნახავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაშავებულთაგან ორს ტვინის შერყევა და მოტეხილობები აღენიშნება, ერთ-ერთი მათგანი თბილისში გადმოჰყავთ.

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.