მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ორს ტვინის შერყევა და მოტეხილობები აღენიშნება, ერთ-ერთი მათგანი თბილისში გადმოჰყავთ
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ორს ტვინის შერყევა და მოტეხილობები აღენიშნება, ერთ-ერთი მათგანი თბილისში გადმოჰყავთ

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მედიის წარმომადგენელთაგან ორი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც მორიგე ექიმმა, ლევან ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე დაშავებულს ტვინის შერყევა აქვს. ამასთან, „პოსტივის“ ჟურნალისტ იოსებ ხოფერიას მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და ის თბილისში გადმოჰყავთ. „ტვ პირველის“ ჟურნალისტ პაპუნა შუშანიას კი კოჭის ძვლის მოტეხილობა აქვს. ექიმის თქმით, შუშანია კლინიკაში სამკურნალოდ არ დარჩა და ბინაზე გაეწერა.

რაც შეეხება მედიის კიდევ ოთხ წარმომადგენელს, მათგან ერთს, „რუსთავი 2“-ის ოპერატორს მხრის არეში მყესი აქვს დაზიანებული. სამ ოპერატორს კი აღენიშნება ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები და ნაკაწრები.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.