მეუფე შიო მუჯირი - ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება
საპატრიარქოში კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადესთან შეხვედრაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე მეუფე შიომ აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება.
„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ახსენა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს გამხილვას და მე მისი ლოცვა-კურთხევით ძალიან მოკლედ შევეხები. ეს არის თემა, რომელზეც ადრეც იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს საკმაო რაოდენობით ქართველობა და საკითხი ეხება ეპარქიის გახსნას, საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნას, რომლის შესახებაც ჩვენ გვინდოდა დღეს საუბარი და ასევე დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსს, რომლის გარშემოც, როგორც იცით, წარმოიქმნა სერიოზული სირთულეები. იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, თქვენი ღვაწლით, თქვენი დიდი მეგობრობის წყალობით, ეს საკითხები მშვიდობიანად და ღვთის წყალობით მოგვარდება“, – განაცხადა მეუფე შიომ შეხვედრაზე.
საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა.